რატომ სტაჟირება?

წარმოიდგინეთ, ხართ სკოლადამთავრებული, სტუდენტი ან უკვე კურსდამთავრებული და სამსახურს ეძებთ. ამ პროცესში კი ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებით – თითქმის ყველა დამსაქმებელი მინიმალურ სამუშაო გამოცდილებასა და განათლებას მაინც გთხოვთ; საკითხების ძირითადად მხოლოდ თეორიულად სწავლისას, ჯერ ვერც ის უნარ-ჩვევები გამოიმუშავეთ, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ყოველდღიურად გჭირდებათ; თქვენთვის საინტერესო სფეროშიც არავის იცნობთ, რომ რეკომენდაცია გაგიწიოთ და დასაქმება შეძლოთ. 

რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში და როგორ შეიძლება სწორედ სტაჟირება დაგეხმაროთ არსებული პრობლემის მოგვარებაში? 

1. გამოცდილება 

კანდიდატების განცხადებების განხილვისას, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელზეც შერჩევის სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, სამუშაო გამოცდილებაა. კომპანიების მიერ წაყენებული ეს მოთხოვნა კი, სამუშაო ბაზარზე ახლადშესული ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. რა გზით უნდა მოაგროვონ ახალგაზრდა ადამიანებმა გამოცდილება იმ პირობებში, როდესაც ეს დასაქმებისთვის მთავარი წინაპირობაა?სტაჟირებების გავლით. 

სტაჟირება საშუალებას იძლევა, საკლასო ოთახებსა თუ საუნივერსიტეტო აუდიტორიებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო სიტუაციებში გამოიყენოთ; გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო სფეროს სპეციფიკას; განვითარდეთ პიროვნულად და დაადგინოთ, რისი გაუმჯობესება გჭირდებათ; ისწავლოთ და გამოიმუშაოთ ის პიროვნული თუ ტექნიკური უნარები (იხ. ბლოგი Soft skills VS Hard skills), რომლებიც შემდგომ დასაქმებისას წაგადგებათ. ამ ყველაფრის საფუძველზე კი, შეძლებთ, გააძლიეროთ თქვენი რეზიუმე და კონკურენტუნარიან აპლიკანტად ჩამოყალიბდეთ . 

2. კავშირები და რეკომენდაცია 

სტაჟიორებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრასა თუ ღონისძიებას და მათთვის საინტერესო სფეროში დასაქმებული, განსხვავებული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები გაიცნონ. ამგვარი კავშირების დამყარება კი, პროფესიონალების დახმარებით ახალი სამუშაო შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათგან კარგი რეკომენდაციისა მიღების შანსს ზრდის. 

საშუალო თუ უფროსი თანამდებობის მქონე პირებთან ცნობისმოყვარეობის, მოტივაციისა და სწავლის სურვილის გამოვლენისას, მათ შესაძლოა, თქვენი პოტენციალი დაინახონ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარონ რეკომენდაციის გაწევით, ან თუნდაც, სხვა პოზიციაზე გადასვლის შეთავაზებით. 

3. კარიერული გზის განსაზღვრა 

სტაჟირება თქვენ მიერ არჩეული კარიერის ტესტირებას ჰგავს – საშუალება გაქვთ, შეასრულოთ პოზიციასთან დაკავშირებული ყოველდღიური ამოცანები და დავალებები. ამის საფუძველზე კი დაადგინოთ, რამდენად შეესაბამება შერჩეული გზა თქვენს მოლოდინებსა და შესაძლებლობებს. 

სტაჟირებისას საშუალება გექნებათ, სხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანთა პასუხისმგებლობებსაც მეტად ახლოს გაეცნოთ. ამ პროცესში შესაძლოა აღმოაჩინოთ კიდეც, რომ გარკვეული მიმართულება, რომელიც საინტერესოდ მიგაჩნდათ, აღარ მოგწონთ, შემდეგ კი, თქვენს კარიერულ გზაში დროული ცვლილება შეიტანოთ.