სამოტივაციო წერილი – ამბავი შენ შესახებ

გაინტერესებს, თუ რატომ ითხოვენ entry-level ვაკანსიებში სამოტივაციო წერილს? ამ ბლოგში გაგიზიარებ რამდენიმე რჩევას, თუ რატომ გჭირდება სამოტივაციო წერილი.

სამოტივაციო წერილის დაწერა ერთი შეხედვით რთული პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა კარიერას ახლა იწყებ, მაგრამ თუკი unijobs-ის რჩევებს გაიზიარებ და წერის პროცესს კარგად დაგეგმავ, ვფიქრობ, უფრო მარტივად გამოგივა. პირველ რიგში, წერისას უნდა გახსოვდეს, რომ სამოტივაციო წერილი გეხმარება უფრო კარგად წამოაჩინო შენი შესაძლებლობები და ეხმარება დამსაქმებელსაც, რომ უფრო კარგად გაგიცნოს. 

სამოტივაციო წერილი ეს არის ამბავი შენზე, რომელსაც დამსაქმებელს გაუზიარებ

მართალია, დამსაქმებელს უკვე აქვს შენი CV და იცის შენი განათლების ან თუნდაც მცირე გამოცდილების შესახებ, მაგრამ შეეცადე, რომ სამოტივაციო წერილი დაინახო, როგორც შესაძლებლობა, რომელიც მოგცემს საშუალებას  უფრო კარგად წარმოაჩინო შენი თავი. კონკრეტული გამოცდილებების გაზიარებით კი ხაზი გაუსვა შენს უნარებს.

თანამედროვე სამყაროში კორპორაციული კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, სწორედ ამიტომ, კორპორაციულ კულტურასთან თანხვედრა შესაძლოა, შერჩევის ერთ-ერთი ინდიკატორიც კი იყოს. სამოტივაციო წერილი გაძლევს საშუალებას, რომ მომავალ დამსაქმებელს გაუზიარო შენი ღირებულებები და ინტერესები. დაანახო, რომ შენი ღირებულებები თანხვედრაშია კომპანიის ღირებულებებთან და რაც მთავარია, აჩვენე ენთუზიაზმი რომ შენთვის ის კონკრეტული პოზიცია არის ძალიან საინტერესო და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის. 

სამოტივაციო წერილის წერისას ალბათ, პირველი პარაგრაფის წერის პროცესმა შეიძლება შეგაშინოს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები და ყველა დეტალს გაანალიზებ, შეიძლება სწორედ ეს ტექსტი გახდეს შენი უპირატესობაც. გადახედე შენს CV-ის და ნახავ, რომ შენ შესახებ მხოლოდ მშრალად ჩამოწერილი ფაქტებია, სამოტივაციო წერილი კი გაძლევს საშუალებას უფრო კარგად დაანახო რეკრუტერს, რომ კონკრეტული პოზიციისთვის სწორი კანდიდატი ხარ. როგორ მოახერხებ ამას?  მოუყევი ამბავი შენზე, გამოყავი ის თვისებები, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და გაიხსენე ამბები, სადაც კარგად გამოჩნდება შენი შესაძლებლობები. 

ახლა კი მთავარ საქმეზე გადავიდეთ, გაგიზიარებ რჩევებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გახსოვდეს წერისას:

  • პირველ რიგში, კარგად შეისწავლე შენი დამსაქმებელი, კომპანიის კულტურა და გაეცანი შენი პოზიციის მოთხოვნებს. სწორედ ამის შემდეგ შეარჩიე tone of voice. 
  • შეეცადე, გაარკვიო, თუ ვინ წაიკითხავს სამოტივაციო წერილს. პერსონალიზირებული მისალმება ყოველთვის დადებითად მოქმედებს წამკითხველზე.
  • შენი სამოტივაციო წერილის გამხსნელ წინადადებაზე ბევრი იფიქრე. არ დაიწყო შაბლონურად. შეგიძლიათ გაიხსენო კონკრეტული სიტუაცია ან ამბავი, რომელსაც ლოგიკურად დაუკავშირებ შენს მომავალ პოზიციას.
  • უკვე ვახსენე, რომ რეზიუმეს დახმარებით თქვენი უნარების შესახებ უკვე იციან. წერისას არ დაგავიწყდეს, რომ უნარები და შესაძლებლობები შეგიძლია დამსაქმებელს კონკრეტული გამოცდილების საფუძველზე გაუზიარო.
  • არ დაგავიწყდეს, ახსენო შენი ღირებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში კომპანიის ღირებულებებთან. 

გახსოვდეს, რომ კარგი სამოტივაციო წერილის დაწერას სჭირდება ფიქრი და სწორად დაგეგმვა. წააკითხე წერილი კომპეტენტურ ადამიანებსა და მეგობრებს, მოისმინე რჩევები და თუ ხელმეორედ მოგიწია დაწერა, არც ამან შეგაშინოს.

Comments are closed.