როგორ გავამარტივოთ სამსახურის ძებნის პროცესი

დღევანდელი შრომის ბაზარზე ჩვენთვის მიმზიდველი სამუშაოს პოვნა ხშირად თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს. უდიდესი კონკურენციის ფონზე კი, სხვა აპლიკანტებს შორის გამორჩევადობის შენარჩუნება რთულია. ამგვარი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, სამსახურის ძიების პროცესი ხშირად სტრესული და დამღლელი ხდება. 

როგორ უნდა გავზარდოთ სასურველი პოზიციის დაკავების შანსი და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისათვის, რომ პროცესი გავიმარტივოთ? ამ საკითხებზე სტატიაში მოგიყვებით. 

1. რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 

დამსაქმებლებთან საწყის კომუნიკაციას, უმეტეს შემთხვევაში, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მეშვეობით ვამყარებთ. სწორედ, ამ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით ექმნებათ კომპანიების წარმომადგენლებს ჩვენზე პირველადი შთაბეჭდილება.

წარმოიდგინეთ, შერჩევის სპეციალისტი სამუშაო მაგიდასთან ზის და ათობით/ასობით (ან, თუნდაც მეტი) აპლიკანტის განცხადებას ახარისხებს. თანაც, ამისთვის განსაკუთრებით ბევრი დრო არ აქვს. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, თვალის გადავლებით შემოიფარგლება. 

რა გზით უნდა მივიქციოთ მისი ყურადღება? რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის იმ კონკრეტულ პოზიციაზე მორგებით, რომლის დაკავებაც გვინდა. როგორ? ამისათვის კარგი ხერხი ვაკანსიის განცხადების ანალიზი, მასში საკვანძო სიტყვების მოძებნა და შემდეგ მათი რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში ჩართვაა. კომპანიის მიერ დაწესებული სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისი სიტყვებისა თუ ფრაზების ამოკითხვისას, შერჩევის სპეციალისტისთვის თქვენი აპლიკაცია უფრო მიმზიდველი გახდება. შესაბამისად, პირველადი სკრინინგის გადალახვის შანსებიც გაიზრდება. 

იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო მარტივი იყოს, თითოეული დოკუმენტის უბრალოდ განზოგადებული შაბლონის შექმნა და შენახვაა საჭირო. შემდეგ კი, პოზიციიდან გამომდინარე, მათი მოდიფიცირებაა. 

2. კავშირები 

ზოგჯერ, ღია ვაკანსიების შესახებ კომპანიები საჯაროდ არ აცხადებენ. ეს პოზიციები კი, ხშირად, მეგობრების, კოლეგების, მენეჯერების ან სხვა ნაცნობი ადამიანების რეკომენდაციებით ივსება. 

დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რეკომენდაციები, რომელთაც ენდობიან. ასე რომ, თუ LinkedIn-ზე ანგარიში გაქვთ, თქვენს კავშირებს გადახედეთ და ის პირები გამოავლინეთ, რომლებიც თქვენთვის საინტერესო კომპანიაში მუშაობენ. თქვენი შესაბამის ადამიანებთან დაკავშირება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყოფილ კოლეგებსა და ნაცნობებსაც შეუძლიათ. გადახედეთ კონტაქტების სიას და დაავიწროვეთ. შემდეგ, თითოეული მათგანისთვის შექმენით პერსონალიზებული შეტყობინება, რომელშიც აუხსნით, რომ ახალ შესაძლებლობებს ეძებთ და კომპანია X-ით ძალიან დაინტერესებული ხართ, – გვირჩევს HR ექსპერტი კრისტი მორგანი.

პროფესიულ სივრცეში კავშირების ქსელის გაფართოება კარიერაში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსს ზრდის. თანაც, რაც უფრო გაზრდით თქვენს სფეროში სანაცნობო წრეს, მით უფრო გაიზრდება რეკომენდაციების მიღების ალბათობაც. 

კავშირების დასამყარებლად შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა თუნდაც პროფესიულ კოლექტივებში გაწევრიანება და კონფერენციებზე დასწრება. 

3. სოციალური მედია 

ზოგი დამსაქმებელი, განსაკუთრებით მცირე და ახლადდაფუძნებული კომპანიები, ვაკანსიების განსათავსებლად ფეისბუკის ჯგუფებს იყენებს. ზოგიერთი კომპანია, პოზიციის განცხადებაში ერთ-ერთ საკონტაქტო წყაროდ საკუთარ ფეისბუკის გვერდს უთითებს. ზოგი კომპანიის შერჩევის სპეციალისტები კი, გამიზნულად ამოწმებენ კანდიდატების სოციალური მედიის პროფილებს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ მათ პიროვნულობასა და პროფესიონალიზმზე. 

სოციალური მედიის მეშვეობით პოტენციურ დამსაქმებელთან დაკავშირებისას, მნიშვნელოვანია პროფესიონალური პროფილის წარდგენა. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშები არ შეიცავს რაიმე ისეთ კონტენტს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის სამუშაოს მოპოვების შანსებს. ასეთი შემთხვევებისთვის, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ იმ კონტენტს, რომელსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე აზიარებთ. ამგვარად თქვენ შექმნით ერთგვარ პოზიტიურ ონლაინ იმიჯს, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.