#გაიცანიუკეთHR – თამარ მიქაბერიძე

მოგზაურობა სტაჟიორიდან HR პროფესიონალამდე – დამოკიდებულების ძალა

მოგესალმებით დამწყებებს და მომავალ ლიდერებს! მე ვარ თამარ მიქაბერიძე, HR და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში “სვის კაპიტალი”. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გაგიზიაროთ პირადი აღქმა წარმოუდგენელი გავლენის შესახებ, რომელიც კარიერულ მოგზაურობაში სწორ დამოკიდებულებას შეიძლება ჰქონდეს. მინდა იცოდეთ, რომ წარმატებისთვის უმჯობესია კარიერა დაიწყოთ ქვემოდან ზემოთ, სადაც მოგზაურობის ყველა ეტაპზე შეგიძლიათ ისწავლოთ, განვითარდეთ და იამაყოთ თქვენი მიღწევებით.

როგორ დაიწყო ჩემი კარიერა?

ორიოდე სიტყვა ჩემ შესახებ: კარიერა დავიწყე სტაჟირებით რადიოში,  ჟურნალისტიკაში, შემდეგ გაგრძელდა სტუდენტური დასაქმებით, ბაზების ოპერატორის პოზიციაზე, შემდეგ ბანკში, ოპერატორის პოზიციაზე, საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, ტრენერის პოზიციაზე და დღეს მე ვამაყობ, რომ ვარ HR და შემიძლია დავეხმარო ახალგაზრდებს, იპოვონ საკუთარი გზა და მიაღწიონ წარმატებას.

კარიერული მოგზაურობის განმავლობაში მქონდა გამოწვევები და წარუმატებლობაც, ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ვისწავლე, რომ გამოსავალი არის მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულებით დაბრკოლებების გადალახვა და მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებად გადაქცევა. როდესაც ვფიქრობ ჩემს ადრეულ წლებზე, მახსენდება ის ენთუზიაზმი, რომელიც დავალებების შესრულებისას მქონდა და ვხვდები, რომ კარიერის ყველა ეტაპზე სწორედ ეს ენთუზიაზმი გვეხმარება წარმატებაში. მნიშვნელოვანია,  პასუხისმგებლობას მივუდგეთ პოზიტიური განწყობით და სწავლის წყურვილით.

თუ არის ერთი რჩევა, რომელიც მსურს მივცე ახალგაზრდებს, ეს არის: წარმატება მჭიდროდ არის დაკავშირებული დამოკიდებულებასთან. თქვენი კარიერა შეიძლება ყოველთვის არ დაიწყოს საოცნებო სამსახურით, მაგრამ სწორი დამოკიდებულებით ყოველი ნაბიჯი ხდება ნაბიჯი რაღაც უფრო დიდისკენ. ისეთ დინამიურ სამყაროში, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ, დამოკიდებულება უფრო მეტ წონას იძენს, ვიდრე თქვენი ამჟამინდელი გამოცდილება, პოზიცია, უნარები თუ ცოდნა. იყავით ღია სწავლისთვის, შეინარჩუნეთ პოზიტიური ენერგია ყველა ამოცანის შესრულებისას. ეს არა მხოლოდ გხდით გუნდის ღირებულ წევრად, არამედ ზრდის წინსვლის შესაძლებლობას.

ჩვენ შესახებ – კარიერა “სვის კაპიტალში”

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი” საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი დამსაქმებელია, რომელსაც  430-ზე მეტი  თანამშრომელი ჰყავს. 2016 წლიდან კომპანიაში ჩამოყალიბდა ტრენინგცენტრი, რომლის მიზანია დასაქმებულებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია პროდუქტებსა თუ პროცედურებზე, მოამზადოს როგორც ახალი, ასევე გადაამზადოს მოქმედი თანამშრომლები.  განუვითაროს მათ  პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევები, გაუღრმავოს სპეციფიკური საკითხების ცოდნა, რაც ეხმარება დასაქმებულებს სწრაფად გააუმჯობესონ თავიანთი მუშაობის შედეგი და ხარისხი. სწავლებისა და განვითარების ტენდენცია, დასაქმებულების განვითარების კომპლექსური სისტემა უზრუნველყოფს თანამშრომელთა მომზადების მაღალ დონეს, ინდივიდუალური რეზულტატურობის მაღალ მაჩვენებლებს და ხელს უწყობს ძირითადი ამოცანების გადაწყვეტას. 

მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიაში მოქმედი ტრენინგცენტრის მეშვეობით გადამზადდა 50-მდე ახალი თანამშრომელი საკრედიტო და არასაკრედიტო, IT და რისკების მიმართულებით. ასევე გადამზადდა 250-მდე არსებული თანამშრომელი, რომელთაც ჩაუტარდათ განმეორებითი ტრენინგები პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევების ამაღლებისა და სპეციფიკური საკითხების ცოდნის გაღრმავებისთვის. კომპანია ასევე პერიოდულად  აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ტრენინცენტრთან, რათა სწავლების პროცესი იყოს კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი.

კომპანიაში დანერგილია სისტემა, რომელიც პოზიციებისა და სამუშაოს ანალიზის მიხედვით  ადგენს კომპენსაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს. იგი მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ცოდნა
  • გამოცდილება (მუშაობის სტაჟი)
  • სამუშაო სპეციფიკა
  • პასუხისმგებლობის დონე
  • კომუნიკაციის ხარისხი
  • გადაწყვეტილებებში ჩართულობის ხარისხი
  • მართვა
  • ძირითადი კომპეტენციები

ამ კრიტერიუმებზე დაფუძნებით შემუშავებულია თანაშრომელთა განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს კარიერული განვითარების გეგმასა და მასთან დაკავშირებულ სახელფასე ბადეს.

წარმატება არის მოგზაურობა და არა დანიშნულების ადგილი!

მოიძიეთ შესაძლებლობები Unijobs.ge-ზე და ერთად ჩამოვაყალიბოთ მომავალი, სადაც თქვენი წარმატება განისაზღვრება თქვენი დამოკიდებულებით.