როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური

მოგესალმები სამსახურის მაძიებელთა რეალურ სამყაროში!

რადგან ამ ვებგვერდზე შემოხვედი და ბლოგის კითხვაც დაიწყე, ესე იგი შენი პირველი სამსახურის ძებნის პროცესში ხარ. თუ ასეა, მინდა გითხრა, რომ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან აქ ნახავ საშენო ვაკანსიებს და მიიღებ ძალიან საინტერესო რჩევებს პირველი სამსახურისთვის.

სამსახურის ძებნის პროცესი ნამდვილად სტრესულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც entry-level ვაკანსიების უმეტესობაშიც კი ვხვდებით ისეთ ტექსტებს, როგორებიცაა: “აუცილებელია სამუშაო გამოცდილება”, “გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესად” და ა.შ.

ალბათ ხშირად გიფიქრია თუ რა არის გამოსავალი ასეთ სიტუაციაში და როგორ უნდა ვიპოვოთ ის ერთადერთი ვაკანსია, თუმცა არ ინერვიულო, შენ მარტო არ ხარ და ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ეს პლატფორმა. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას და გეტყვით რა გაგიმარტივებს სამსახურის ძებნის პროცესს.

თავი აარიდეთ სამსახურის ძებნის მოძველებულ ხერხებს

ალბათ ყველამ იცის, რამდენად ბევრი ვაკანსიის ნახვაა შესაძლებელი სხვადასხვა კონსერვატიულ პლატფორმაზე საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ უმრავლესობა ვაკანსიაში, კლასიკურ 2-5 წლიან გამოცდილებას ითხოვენ, რომელიც ხშირად იმედგაცრუების საფუძველია კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, საშენო სამსახური მსგავს აუდიტორიაზე მორგებულ ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში და რა თქმა უნდა ჩვენთან – unijobs-ზე ეძებო.

იყავი თავდაჯერებული

სამსახურის ძებნის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა. აუცილებელია გჯეროდეს, რომ შენი კანდიდატურა მოცემული ვაკანსიისთვის იდეალურია და მზად ხარ გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაკანსიის მოთხოვნების წაკითხვისას რაიმე ტერმინოლოგია შენთვის უცნობია, არ შეშინდე – ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში არაფერია ისეთი, რისი დაგუგლვაც არ შეიძლება. ამიტომ რეზიუმეს გაგზავნამდე დარწმუნდი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენთვის ყველა დეტალი გასაგებია და ირწმუნე, რომ ამ პოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატურა ხარ.

დარწმუნდი, რომ შენი CV გამართულია

ბევრი კვლევით და გამოკითხვით დასტურდება, რომ HR მენეჯერები ხშირად რეზიუმეებს ერთი შეხედვით ირჩევენ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შენი რეზიუმე გამართული იყოს როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და არ ჰქონდეს აცდენა ვაკანსიის პირობებთან.

მინდა გითხრა, რომ დახვეწილი რეზიუმეს შესაქმნელად ილუსტრატორისა და ფოტოშოპის ცოდნა სულაც არაა საჭირო, რადგან ინტერნეტში უფასოდ არაერთ საინტერესო და მომხიბვლელ template-ს ნახავ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც რეზიუმეების გაგზავნისას უნდა გაითვალისწინო, არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაგზავნო ყველა კომპანიაში ერთნაირი რეზიუმე. მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნო კომპანიის ღირებულებებს და საკვანძო სიტყვებით შექმნა სწორედ ისეთი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე, როგორიც კომპანიის მოთხოვნებს შეესაბამება.

მიიღეთ უარი, როგორც გამოცდილება

სამწუხაროდ, პირველი სამსახურის ძიების პროცესში ხშირია უარიც. თუმცა, უნდა გახსოვდეს, რომ ყოველი ახალი გასაუბრება ახალი გამოცდილებაა, რომელთა ათვისებაც შენს მიზანთან უფრო გაახლოვებს.

საბოლოოდ კი გეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარი შენი მონდომება და სურვილია შექმნა საოცნებო მომავალი. თუმცა, გახსოვდეს, რომ ამ გზაზე არაერთი იმედგაცრუება და გამოწვევა დაგხვდება, რამაც მოტივაცია არ უნდა მოგიკლას, პირიქით 🚀