სამსახურის ძიების ერთკვირიანი გამოწვევა

სასურველი პოზიციის დასაკავებლად მხოლოდ შესაბამისი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ფლობა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ დამსაქმებლებს ჩვენ შესახებ ინფორმაცია ეფექტურად და სწორად მივაწოდოთ. ამასთანავე, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც კარიერული გზის გაკვალვაში დაგვეხმარება. 

ცხადია, ეს სწრაფი პროცესი არ არის და მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ, გთავაზობთ 1-კვირიან გამოწვევას, რომელიც დაგეხმარებათ, დაისახოთ პატარა ამოცანები და მიზნისკენ ყოველდღიურად წინ ერთი ნაბიჯი გადადგათ.

დღე 1: შევსება

რეზიუმეს საშუალებით დამსაქმებელს ჩვენზე პირველადი შთაბეჭდილება უყალიბდება, ამიტომ ეს დოკუმენტი იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ შერჩევის სპეციალისტებს – რეკრუტერებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ. იმისათვის, რომ ჩვენი უნარები, გამოცდილება და კვალიფიკაცია ეფექტურად წამოვაჩინოთ, აუცილებელია, რეზიუმეს ყველა სექცია შევავსოთ და ჩვენთვის საინტერესო პოზიციასთან დაკავშირებული დეტალები მივუთითოთ. 

როგორც წესი, ყოვლისმომცველი რეზიუმე შედგება შემდეგი სექციებისგან: 

  • საკონტაქტო ინფორმაცია; 
  • სამუშაო თუ მოხალისეობრივი გამოცდილება; 
  • განათლება; 
  • უნარები (ტექნიკური და პიროვნული); 
  • სერტიფიკატები; 
  • ენები.

დღე 2: საკვანძო სიტყვები

ეფექტური რეზიუმეს შექმნისას თქვენს სფეროსთან და კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების გამოყენება აუცილებელია. დააკვირდით თქვენთვის საინტერესო ვაკანსიების აღწერილობებს; ამის შემდეგ, ამოიწერეთ რამდენიმე სიტყვა, რომლებიც თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება; ბოლოს კი, აღნიშნული სიტყვები შეგიძლიათ, რეზიუმეს სხვადასხვა ნაწილში გადაანაწილოთ. ამგვარად, თქვენი აპლიკაცია უფრო გამორჩეული და შერჩევის სპეციალისტებისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდება.

დღე 3: განახლება

რეზიუმეს მუდმივი განახლება სჭირდება. გადახედეთ დოკუმენტის ყველა ნაწილს და დარწმუნდით, რომ ბოლო პერიოდში შეძენილი უნარ-ჩვევებიდან, ახლადმიღებული გამოცილებებიდან და პროფესიული მიღწევებიდან არაფერი გამოგრჩენიათ. ეს პროცესი მოძველებული სურათის განახლებასაც მოიცავს. 

დღე 4: სარეკომენდაციო წერილები

სამსახურის ძიებისას სარეკომენდაციო წერილების გამოყენება კარგი სტრატეგიაა – ეს დოკუმენტები პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენებს, რომ სხვებს თქვენი შესაძლებლობების სჯერათ, რაც უფრო ძლიერ კანდიდატად გაქცევთ. 

აქედან გამომდინარე, თქვენი მეორე გამოწვევა ორი სარეკომენდაციო წერილის მოპოვებაა. ეს დოკუმენტი შეიძლება სთხოვოთ ისეთ ადამიანს, რომელიც კარგად გიცნობთ სამუშაო სივრცეში; ეს შესაძლოა იყოს თქვენი პროფესორი, უფროსი ან თუნდაც კოლეგა. თხოვნისას მნიშვნელოვანია, აუხსნათ, რა პოზიციაზე გზავნით აპლიკაციას და რომელ თვისებებსა თუ უნარებზე გსურთ, რომ გაამახვილონ ყურადღება წერისას.

დღე 5: რეზიუმეს გაგზავნა

მხოლოდ ყოვლისმომცველი რეზიუმე და სარეკომენდაციო წერილები, ცხადია, საკმარისი არ არის. სამსახურის ძიების პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტი მიზნისკენ ყოველდღიური სწრაფვაა. 

სწორედ ამიტომ, შემდეგი ამოცანა თქვენს ინტერესებთან, უნარებთან და გამოცდილებასთან შესაბამისი ვაკანსიის 10 განცხადების მოძებნა და აპლიკაციის გაგზავნაა.

დღე 6: კავშირები

თქვენი შემდეგი გამოწვევა ახალი კავშირების დამყარებაა. თქვენს სფეროში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიონალთან, დამსაქმებლებთან თუ შერჩევის სპეციალისტებთან კომუნიკაციის დამყარება უფრო გაზრდის შანსებს, რომ საინტერესო პოზიცია დაიკავოთ. 

დღე 7: ექსპერტობა

უნარებისა და კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად მრავალი განსხვავებული ხერხი არსებობს, მათ შორის, შესაძლოა იყოს თქვენთვის საინტერესო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიახლეებთან გაცნობაც. სწორედ ამიტომ, ბოლო დღის გამოწვევა რამდენიმე სტატიის წაკითხვაა.

რა ხდება მე-7 დღის შემდეგ? – ყველაფერს თავიდან იმეორებთ მომდევნო კვირაში და გამოწვევას ერთგვარ რუტინად აქცევთ. ყოველკვირეულად კი დარწმუნდებით, რომ თქვენი კარიერული მიზნისკენ მიმავალი გზა უფრო და უფრო მარტივი ხდება.