საინტერესოა თუ გიფიქრია რა არის შენი ნიშა, რომლითაც დამსაქმებელი უნდა მოხიბლო და სხვებისგან გამოირჩეოდე? არის თუ არა შენი უნარები ის, რაც დამსაქმებლებს სჭირდებათ და რას ეძებენ HR რეკრუტერები რეალურად ახალ კურსდამთავრებულებში?
თუ ამ პასუხებზე ფიქრი მოსვენებას გიკარგავს, მაშინ ეს სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხო, რადგან Unijobs-ის გუნდმა ყველა საჭირო ინფორმაცია გავაერთიანეთ, რომელიც შენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებს.
საკუთარი საქმის სიყვარული
სამსახურის ძიების პროცესში პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ძნელია, ხშირად არ ვიცით საიდან დავიწყოთ ან ვის მივმართოთ რჩევებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე არ აღელდე და კარგად დაფიქრდე სად გსურს პირველი სამსახურის დაწყება, არის თუ არა ეს ის საქმე, რომლის გაკეთებაც გინდა. საკუთარ თავში ჩამოყალიბების შემდეგ კი აჩვენე ეს ყველაფერი რეკრუტერს, დაანახე მას რეალური მონდომება. იმისთვის, რომ დამსაქმებელმა დაადგინოს გაქვს თუ არა შენი საქმისადმი სიყვარული, შესაძლოა დაგისვას ისეთი კითხვები, როგორებიცაა: რამდენად ხშირად ეცნობით სიახლეებს თქვენს სფეროში? რა განიჭებთ განსაკუთრებულ სიამოვნებას ამ სფეროში? როგორ განსაზღვრავთ წარმატებას? რატომ ჩვენი კომპანია?
აქვე გეტყვი, რომ საქმის გაკეთება მხოლოდ შემოსავლის გამო ყველას შეუძლია, მაგრამ ის ძალიან მალე მოგბეზრდება თუ არ გიყვარს, რასაც რეკრუტერები მარტივად ხვდებიან.
ემოციური ინტელექტი
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას სწორედ ემოციური ინტელექტის ქონაა. დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები, როგორც წესი აზიანებენ სამუშაო გარემოს, ახდენენ თანამშრომლების დემოტივაციას და ნაკლებად არიან გუნდური მოთამაშეები.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს მარტივად შეუძლიათ დადებითი ზეგავლენა მოახდინონ სხვებზე და დამუხტონ ისინი ენერგიით, რაც, რა თქმა უნდა, როგორც კომპანიაზე, ისე ნებისმიერ პროექტზე დადებითად აისახება. მნიშვნელოვანია თუ როგორ უმკლავდება ასეთი ტიპის თანამშრომელი გამოწვევებს. დამსაქმებელმა უნდა დაინახოს, რომ პრობლემის დროს პანიკა არ გიპყრობს, ხარ ინიციატორი, რომელიც პრობლემის გადაჭრის გზებს მარტივად აგნებს და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად გუნდთან ერთად საუკეთესო შედეგებს აღწევს.
კომუნიკაციის უნარი
კომუნიკაციას ნებისმიერ სამუშაო ადგილზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე კანდიდატს მეტი შანსი აქვს მოხიბლოს დამსაქმებელი და კონკურენცია გაუწიოს სხვა კანდიდატებს.
ხშირად, დამსაქმებლები აკვირდებიან რამდენად იცის კანდიდატმა მეილით კომუნიკაციის ენა და შეუძლია თუ არა როგორც სატელეფონო, ისე პირდაპირი კომუნიკაცია.
გუნდური მუშაობის უნარი
გიფიქრია რა არის კომპანია იქ მომუშავე პერსონალის გარეშე? ახლა კი წარმოიდგინე გუნდის წევრი, რომელსაც მათთან მუშაობა არ გამოსდის… გეთანხმები, ეს ყველაფერი დამსაქმებელს ნამდვილად არ გაუხარდება.
გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება შენთვის, როგორც დამწყები კანდიდატისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რათა მიიღო მეტი ცოდნა, გახდე რეალური პროექტების ნაწილი და დაუახლოვდე ბევრად გამოცდილ კოლეგებს, რომლებიც ყველანაირ ინფორმაციას გაგიზიარებენ. გირჩევდი, რომ დრო არ დაკარგო და ამ თვისების გამომუშავება ახლავე დაიწყო თუნდაც უნივერსიტეტის დავალებების კეთებისას, დაუახლოვდი შენს ჯგუფელებს და იყავი მეტად მონდომებული ნებისმიერი პროექტის მიმდინარეობისას.
იყავი რეალური
და ბოლოს, იყავი რეალური. ნუ ეცდები გადამეტებული შთაბეჭდილების მოხდენას დამსაქმებელზე, რადგან ეს ყოველთვის მეტად ხელოვნურად ჩანს. დაიმახსოვრე, იყავი ადამიანი, ვისთან საუბარიც მუდამ სასიამოვნო და კომფორტულია, მოეშვი და ნუ შეეცდები შექმნა განსხვავებული პერსონაჟი.
თუ კითხვისას ეს უნარები შენს თავს დაუკავშირე, გილოცავ! შენ უკვე ხარ გამორჩეული კურსდამთავრებული, რომელსაც რეკრუტინგის პროცესში დიდი შანსები აქვს, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ გჭირდება რომელიმე უნარზე მუშაობა, არც მაგაზე იდარდო! იპოვე ძალა და გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, რომელიც ნებისმიერ დამსაქმებელს აღაფრთოვანებს.
განვითარების ამ ეტაპზე კი არ დაგავიწყდეს თვალი გადაავლო საუკეთესო სტუდენტურ სამსახურებს, რომელსაც Unijobs-ზე იპოვი😉 წარმატებები 🚀