გზამკვლევი სტუდენტური ცხოვრების და სამსახურის დაბალანსებისთვის

როგორც კი გათენდება, უკვე ფეხზე ხარ, წიგნები ერთ ხელში, სამუშაო ფაილები კი მეორე ხელში, გონება მუდამ დატვირთული და დედლაინებით გამოტენილია. სამსახური, უნივერსიტეტი, ძილი, და ისევ იგივე ყოველდღიურობა… გეცნო სიტუაცია? არ ინერვიულო! შენ არ ხარ მარტო, რადგან ბევრი ჩვენგანი, რომელსაც წარმატების მიღწევა გვსურს, შენთან ერთად გავდივართ ამ გზას. სწორედ ამ ბლოგით გვინდა დაგეხმაროთ და რამდენიმე მარტივი რჩევაც მოგცეთ, რომელიც სამსახურისა და სწავლის დაბალანსებაში ძალიან დაგეხმარება.

მაშ ასე! უნივერსიტეტში წასვლამდე ჩვენს რამდენიმე რჩევას გადახედე, შემდეგ კი შეგიძლია თამამად შეუდგე სამსახურის ძებნას, რა თქმა უნდა, Unijobs-ის პლატფორმაზე. 🚀

დახვეწე დროის მართვის უნარები

ერთი ძალიან საინტერესო და უნივერსალური ჭეშმარიტება მინდა გაგაცნო – დრო მიფრინავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურადღებას არ აქცევ, შესაძლოა დღეებმაც კი ისე ჩაგვიაროს, ვერაფერი გავიგოთ. ამიტომ, პირველი რაც აუცილებლად უნდა ისწავლო, სწორი დროის მენეჯმენტია.

თავდაპირველად აუცილებელია დიდი დრო დაუთმო შენი დროის შესწავლას, თვალყური ადევნო რაში გეკარგება ყველაზე მეტი დრო, რისი გამოსწორება ან გვერდზე გადადება შეგიძლია და რა არის მეტად პრიორიტეტული. მას შემდეგ, რაც უკეთ გააცნობიერებ რამდენად პროდუქტიულად ან არაპროდუქტიულად ხარჯავ დროს, უკვე შეგიძლია მის ორგანიზებაზე გადახვიდე. შეგიძლია ამისთვის რომელიმე აპლიკაციაც კი დაიხმარო და საათობრივად გაწერო მთელი დღის გეგმები. ეს ყველაფერი დაგეხმარება შენი დღე უფრო პროდუქტიულად და მშვიდად გაატარო.

ნუ გადატვირთავ თავს

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ყველა (ჯერ-ჯერობით) ადამიანები ვართ და არა რობოტები, ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ჩვენი სხეულის სიგნალებს, რომელიც აუცილებლად განიშნებს, როცა ზედმეტად გადაიტვირთება. ნუ შეუშინდები ასეთ სიგნალებს, ცოტა ხნით უკან დაიხიე და აცადე ორგანიზმს აღიდგინოს ძალები. იმისთვის კი, რომ ეს გადაღლა თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე რამ.

პირველი: გამოყავი დრო შესვენებისთვის. ეს იქნება სეირნობა, უბრალოდ ფინჯანი ჩაი თუ მეგობრებთან ჭორაობა, აუცილებლად ბოლომდე შეიგრძენი შესვენების წუთები.

მეორე: დაისახე რეალური მიზნები. ჩვენი გონება და სხეული მეტად ითრგუნება მაშინ, როდესაც სასურველს ვერ ვაღწევთ, ეს სასურველი კი რაიმე არარეალურზე ფიქრია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გაიაზრო რამდენად მიღწევადია შენი მიზნები დროის ამ კონკრეტულ პერიოდში, დაყო ის მცირე მიზნებად და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო მისი განხორციელება.

და მესამე: ისწავლე დელეგირება. თუ ძალიან ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას დაიწყებ, ნაკლები შანსია ყველა მათგანი ხარისხიანად გაკეთდეს. ამიტომ, დაიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიდან და მიყევი ბოლომდე. ეს ყველაფერი შეგიმსუბუქებს საქმეს და ნაკლებად დაგსტრესავს.

მუდამ შეახსენე თავს საკუთარი მიზნები

მკაფიო მიზნების ქონა არის ერთგვარი კომპასი, რომელიც შენს ძალისხმევასა და ფიქრებს სწორი მიმართულებით მიმართავს და გიბიძგებს სწორი გზისკენ. იმისათვის, რომ შენი მიზნები სულ გახსოვდეს, ერთ მარტივ ხრიკს გასწავლი, შექმენი მიზნების ვიზუალიზაცია. ჩამოწერე შენი მიზნები მკაფიოდ და გააკარი ისეთ ადგილას, სადაც მას ყოველდღე დაინახავ, ის ყოველთვის შეგახსენებს შენს შესაძლებლობებს და მოგცემს ძალას გააგრძელო მათკენ სწრაფვა. რადგან მიზანი ყოველთვის გრძელვადიანია, გამოყავი კვირაში რამდენიმე საათი და შენს თავთან განიხილე რამდენად დიდი პროგრესი გაქვს, რა დაგრჩა გასაკეთებელი და არ დაგავიწყდეს შეაქო საკუთარი თავი იმისთვის, რაც ამ მიზანთან მისასვლელად უკვე გააკეთე.

ესეც ასე! თუ აქამდე მოგვყევი, უკვე დროა სამსახურის ძებნისთვის მოემზადო, პოზიტიურად განეწყო და დიდი მიზნებიც დაისახო. არ დაგავიწყდეს, ცხოვრება სავსეა საინტერესო და მეტ-ნაკლებად რთული გამოწვევებით, რისი გამკლავებისთვისაც ერთი მარტივი გასაღები, ბალანსი დაგჭირდება. მიჰყევი ჩვენს რჩევებს და მოემზადე საინტერესო თავგადასავლისთვის! 🚀