#UnijobStart – ეკატერინე სომხიშვილი

მე ვარ ეკატერინე სომხიშვილი და ვმუშაობ IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკუნსულტაციო კომპანია SKYHI-ში Service Desk-ის პოზიციაზე, ვარ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების II კურსის სტუდენტი. სამსახურის ძებნა დავიწყე დაახლოებით ივლისის დასაწყისში, როცა უკვე ფინალურების პერიოდი დამეწყო უნივერსიტეტში. მინდოდა ისეთი სამსახურის მოძიება, რომელიც გარკვეულწილად უპასუხებდა ჩემს მომავალ პროფესიას და რომლის შეთავსებასაც მოვახერხებდი უნივერსიტეტის გრაფიკთან მომდევნო სასწავლო სემესტრებში.

თავდაპირველად საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესი იყო, რადგან სხვადასხვა საიტებზე ვეძებდი ვაკანსიებს. დიდი დრო მეხარჯებოდა ვაკანსიების გაფილტვრაში და ინფორმაციის მოძიებაში, რადგან ბევრი პოზიციის მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებდი. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა მხოლოდ 1 წლის დაწყებული მქონდა და  შესაბამისად არ მქონდა მუშაობის გამოცდილებაც. ასევე, საკმაოდ დიდ დილემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ბევრი კომპანია არ უწყობდა ხელს სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლასთან შეეთავსებინათ სამუშაო. აქტიური ძიების პროცესში სრულიად შემთხვევით შემხვდა უნიჯობსის რეკლამა ინსტაგრამის სთორებში, კომპანია SKYHI-ში ნახევარგანაკვეთიანი და სტუდენტებზე მორგებული სამსახურის შესახებ.

როგორც უკვე ვახსენე, ვარ მეორეკურსელი სტუდენტი და ჩემი თანატოლების მსგავსად მეც დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფი ცხოვრებაში. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ საკუთარი თავი წინ წავწიო პროფესიულად და არა მხოლოდ. ყოველდღიურად ვცდილობ გავაკეთო ისეთი რამ, რაც ნაკლებად დამოკიდებულს გამხდის სხვებზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა მიმართულებით.

თავდაპირველად Unijobs.ge-ის შესახებ გავიგე სოციალური ქსელებიდან. საკმაოდ ხშირად მხვდებოდა რეკლამები ვაკანსიების შესახებ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, თუმცა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება  ამ პლატფორმამ მას შემდეგ მიიქცია, რაც აქტიურად დავიწყე სამსახურის ძიება.

CV-ის გაგზავნიდან დაახლოებით 3-4 დღეში დამიკავშირდა SKYHI-ის People Partner-ი და შევთანხმდით გასაუბრების თარიღსა და დროზე. ამას მოჰყვა მეორე გასაუბრება რამდენიმე დღეში და მეორე გასაუბრებიდან დაახლოებით 1 კვირაში დავიწყე მუშაობა, ასე რომ საშუალოდ ორ კვირაში დავიწყე მუშაობა.

SKYHI არის კომპანია სადაც არაჩვეულებრივ ხალხს შევხვდი და დავუახლოვდი. ეს არ არის მხოლოდ აუთსორსინგული კომპანია, რომელიც თავის მომხმარებლებს უწევს დახმარებას, ეს არის კომპანია, სადაც ურთიერთობებს, ერთმანეთისადმი პატივისცემასა და ადამიანებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წინსვლისა და განვითარების საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა ახალგაზრდებისთვის.

მათ, ვინც ახლა სამსახურის ძიების პროცესშია, ვურჩევდი, რომ იმაზე ფიქრსა და ნერვიულობაზე დრო არ დახარჯონ, აქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება სამსახურის მოსაძებნად. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ დაანახონ დამსაქმებელს თავიანთი მიზანმიმართულობა და მუშაობის სურვილი. ასევე, ვურჩევდი არ იდარდონ სამსახურისა და უნივერსიტეტის ცხრილის შეთავსებაზე, რადგან არ ყოფილა რთული და გაითვალისწინონ, რომ where there is a will there is a way 😊

ვფიქრობ, რომ Unijobs.ge არის მორგებული პლატფორმა მათზე, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და განთავსებულია ის ვაკანსიები, სადაც სამუშაო გამოცდილების ქონა საჭირო არაა. ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის სამსახურის მოძიების პროცესს მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.