Unijobs-ის ერთ-ერთ ბლოგში შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ რა უნდა იცოდეთ გასაუბრებაზე წასვლის წინ. ახლა კი გასაუბრებაზე დასმული კითხვები განვიხილოთ.
გასაუბრება კარიერის ნებისმიერ საფეხურზე სანერვიულო პროცესია, არ აქვს მნიშვნელობა კარიერის საწყისს ეტაპზე ხარ თუ არა. სამსახურის ძიების პირველ ეტაპზე კი ეს პროცესი განსაკუთრებულ შფოთვასთან და ნერვიულობასთან ასოცირდება. შეიძლება ამ ბლოგის რომელიმე მკითხველი სულაც ახლა ემზადება პირველი გასაუბრებისთვის და წარმოდგენაც არ აქვს რა კითხვებს უნდა ელოდოს რეკრუტერისგან.
გასაუბრებაზე დასმული კითხვები, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ
“მოგვიყევი შენ შესახებ”
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივად ჟღერს, პასუხი არ უნდა იყოს შაბლონური და არც ძალიან ვრცელი. გახსოვდეს, რომ ეიჩარ-რეკრუტერს უკვე აქვს შენი CV, ამიტომ შეეცადე მოუყვე ის გამოცდილებები, რომელიც ინტერვიუერისთვის ახალი და საინტერესო იქნება. გაიხსენი ისეთი ფაქტები, სადაც კარგად გამოჩნდება შენი შესაძლებლობები. შეგიძლია შენი ჰობები და ინტერესებიც გააზიარო, ამით უფრო კარგად გააცნობ შენს თავს მომავალ დამსაქმებელს.
“რატომ გადაწყვიტე კონკრეტულად ამ სფეროში მუშაობა?”
შეიძლება იფიქრო, რომ ამ კითხვისთვის მომზადება სულაც არ გჭირდება, მაგრამ შენი გადაწყვეტილების შესახებ ძალიან თავდაჯერებულად და დამაჯერებლად უნდა შეგეძლოს საუბარი. გასაუბრებაზე დასმული კითხვები ხომ სწორედ შენს უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. კარგად ჩამოაყალიბე შენი ინტერესები, უნარ-ჩვევები და ახსენი თუ როგორ უკავშირდება ისინი მომავალ პროფესიას.
“რატომ გინდა ჩვენს კომპანიაში მუშაობა?”
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პატარა კვლევის ჩატარება არ დაგავიწყდეს. გადაქექე და გადაიკითხე კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაცია. თვალი ადევნე მათ სოციალურ ქსელებს, იქნებ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინო, რისი ხსენებაც გასაუბრებაზე დადებითად იმოქმედებს და დაანახებს მომავალ დამსაქმებელს, რომ შენი სურვილი, შეუერთდე მათ გუნდს, ძალიან დიდია.
გასაუბრებაზე დასმული კითხვები, რომლების ავტორიც შენ ხარ
თავად დასვი კითხვები
არ დაგავიწყდეს, რომ გასაუბრება ორმხრივი პროცესია და შენც აუცილებლად უნდა დასვა კითხვები, რომ მომავალი დამსაქმებლისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო და ზუსტად იცოდე, რას მიიღებ მათთან მუშაობით. გასაუბრების ამ ნაწილისთვისაც წინასწარ ჩამოწერე კითხვები. ვაკანსიის აღწერაში ჩამოთვლილი მოთხოვნების და შესასრულებელი სამუშაოს ირგვლივ დასვი კითხვები. იკითხე, ზუსტად როგორი იქნება შენი სამუშაო დღე და უფრო დეტალურად გარკვიე ვალდებულებები. თანამედროვე სამყაროში კომპანიები ცდილობენ აამაღლონ კორპორაციული კულტურა. არ დაგავიწყდეს და შენც დაინტერესდი კომპანიაში არსებული კულტურით და იმ აქტივობებით, რომელსაც თანამშრომლებს სთავაზობენ.
გასაუბრებაზე დასმული კითხვები არ არის შაბლონური. შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, რომელიც თავიდან ბოლომდე მოგამზადებს. მთავარია, შეეცადო და მაქსიმალურად გადმოსცე შენი უნარ-რჩევები, იყო თავდაჯერებული და იუმორიც არ დაგავიწყდეს. პატარ-პატარა რჩევებისთვის კი გადახედე: https://www.facebook.com/unijobs.ge