#HRInsights – თეონა ბაღათურია

ბოლო წლებია დამსაქმებლებისგან ხშირად გვესმის, რომ თანამშრომლებს ვერ პოულობენ და ასევე არსებულებს ვერ ინარჩუნებენ და თუ ინარჩუნებენ, მოტივირებულები არ არიან. ჩემი დაკვირვებით, სანამ საკუთარ თავში მიზეზების ძებნას დავიწყებთ, ადამიანებს ხშირად გვახასიათებს მიზეზების სხვებში ან სოციოეკონომიკურ ფაქტორებში ძიება.

ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ მშრალ და შაბლონურ ვაკანსიებს, სადაც პოზიციასთან მიმართებაში არარელევანტური ფუნქციების გარდა ვერ ვნახულობთ: რა სარგებელს მიიღებს ადამიანი მათთან დასაქმებით? რა უპირატესობა აქვს მათთან დასაქმებას? არ ჩანს, რომ მას გულით ელიან, არ ჩანს ემოცია და გულწრფელობა რომ მას, როგორც გუნდის წევრს ეძებენ, მაგრამ ტექსტის ბოლოში ხშირად ვნახავთ, რომ ახალი თანამშრომელი სტრესგამძლე უნდა იყოს და ზეგანაკვეთურად მუშაობა უნდა შეეძლოს. რატომ? რატომ არ შეიძლება შევთავაზოთ ღირსეული, ადამიანის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული თანამედროვე სამუშაო პირობები და გარემო მათ, რომლებმაც დოვლათი უნდა მოუტანონ ორგანიზაციას, მათ რომლებთან ერთადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ დღის განმავლობაში? რატომ არ შეიძლება ვიყოთ ავთენტური და არ ვგავდეთ ისეთ რეგრესულ ან ადამიანის უფლებების შემლახველ დამსაქმებლებს, რომელთა გამოც დღეს ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, ცნობადებსაც და უცნობებსაც, ფინანსურად ძლიერებსაც და სუსტებსაც და ა.შ. თანამშრომელთა დაქირავება და შენარჩუნება გვიჭირს?

ადამიანების ურთიერთობა მათ შორის სამუშაო ადგილზეც ორმხრივია. იშვიათად ჩნდება თანამშრომლებში ავტომატური ლოიალობა, იშვიათად ჩნდება მიკუთვნებულობის განცდა ავტომატურად, იშვიათად ხდება ავტომატურად დრაივის გაჩენა და ამიტომაც ახალი თანამშრომლის ჩართულობას, ინტეგრირებას, განვითარებას და მიკუთვნებულობის შეგრძნების გაჩენას დამსაქმებლისგან ინტელექტუალური, ფიზიკური, ემოციური და დროის დიდი ინვესტიცია სჭირდება.

ვფიქრობ დამსაქმებლებს უნდა გვახსოვდეს:

  • როდესაც ახალგაზრდა თანამშრომელს ვიყვანთ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგანაც ახალგაზრდაა და პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, „შევტენოთ“ ისეთი საქმეები, რომელთა კეთებაც სხვას ეზარება, მობეზრდა ან ეთაკილება კიდევაც.
  • როდესღაც ჩვენც 0-დან დავიწყეთ კარიერა და ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, თუ გარემო სადაც ვხვდებით ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულია და ადამიანი დაფასებას, აღიარებას, მიმღებლობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას გრძნობს იმ ადგილზე, სადაც 8 საათს ატარებს.
  • ჩვენზეა დამოკიდებული თანამშრომელში მისი საქმიანობით თუ გარემოთი კმაყოფილების შეგრძნების გაჩენა, რაც მის მიერ ორგანიზაციისთვის მოტანილ ღირებულებაში, ლოიალობაში და ბრენდის ელჩობაში ითარგმნება.
  • ჩვენზეა დამოკიდებული გული არ ავუცრუოთ თანამშრომელს კონკრეტულ პროფესიაზე.
  • ჩვენზეა დამოკიდებული ყოველდღიურად მაგალითი მივცეთ, რომ დიდ ამბებს მოტივირებული, დაფასებული, დაცული და გულანთებული თანამშრომლები ატრიალებენ.
  • ჩვენზეა დამოკიდებული თანამშრომლებს ვაგრძნობინოთ, რომ მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური გარემო არა ტრენდი, არამედ სავალდებულო მოცემულობაა. ყოველდღიურობაში უნდა გრძნობდნენ, რომ მათ აღიარებენ და პატივს სცემენ ისეთებს, როგორებიც არიან.
  • ჩვენზეა დამოკიდებული მათში არსებული ნაპერწკალი გავაღვივოთ რომ შემდგომში ცეცხლი დაანთონ.
  • ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენთან დარჩენა უნდოდეთ და თუ მაინც წასვლას გადაწყვეტენ, გული სწყდებოდეთ და ვენატრებოდეთ.

მოდით, ნუ დავაბრალებთ ჩვენ მიდგომებში ჩავარდნებს ახალგაზრდა თანამშრომლებს, ზუსტად ახალგაზრდები არიან ისინი, რომლებმაც ჩვენს ორგანიზაციებს ინოვაციურობა, პროგრესულობა და მრავალფეროვნება უნდა შემატონ. ვფიქრობ, პირველ რიგში ჩვენ დამსაქმებლებმა უნდა შევძლოთ ვიყოთ მორგებადი, მოქნილი და ტოლერანტული.

ჩემი გამოცდილებით, ორგანიზაციებში ხშირად გამოწვევად რჩება ხოლმე გამოცდილი თანამშრომლისთვის შეჩვეული ქცევის და დამოკიდებულებების გადაჩვევა, უჭირთ სიახლის მიღება, ადაპტირება და ახალი თანამშრომლისთვის ცოდნის გაზიარება და ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაც ეს არის, როგორ მოვახერხოთ სხვადასხვა თაობის ორგანულად და პოზიტიურად თანაარსებობა და არა კოჰაბიტაცია, როგორ მოვახერხოთ ყველამ განურჩევლად სქესისა, ასაკისა, მრწამსისა, განათლებისა, სქესისა თუ ა.შ. ერთ მოედანზე ვითამაშოთ იმისათვის, რომ საერთო მიზნის მიღწევისთვის ყველას შინაგანი სწრაფვა თუ დრაივი გაგვაჩნდეს და არა მხოლოდ მოვალეობა იმიტომ, რომ ხელფასს გვიხდიან.

მოდით, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს იყვნენ თავისუფლები, კრეატიულები, ინიციატივიანები, პირდაპირ გვეუბნებოდნენ რა მოსწონთ და რა არა სამუშაო ადგილზე და ჩვენც ვისწავლოთ მათი მოსმენა და გათვალისწინება გულით და არა იმიტომ, რომ სადღაც წაგვიკითხავს თანამშრომლებს უნდა მოვუსმინოთო. თანამშრომელს არ აქვს ასაკი, ყველა თანაბრად იმსახურებს პატივისცემას, აღიარებას, დროის დათმობას, პრობლემების გადაჭრას, განვითარებას, თანადგომას, თანაგანცდას და მხარდაჭერას საჭირო მომენტში.

მოდით ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომ მხოლოდ გამოცდილს მოაქვს ღირებულება ორგანიზაციისთვის. დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღირებულების მომტანი ორგანიზაციისთვის მხოლოდ თანამშრომლის ცოდნა და გამოცდილება არ არის, არამედ თანამშრომლის სწორი ტვინწყობა (mindset) და მიდგომებიც არის იმისთვის, რომ ორგანიზაციული კლიმატი ჯანსაღი იყოს.

დრო უკან ვერ დაბრუნდება და ამიტომ უნდა შევძლოთ მისთვის ფეხის აბმა, ის რაც 3-5 წლის წინ აპრობირებული მეთოდი იყო თანამშრომლის შერჩევისთვის ან მოტივაციისთვის ის უკვე რელევანტური არ არის. ტალანტების მოძიებას ან შენარჩუნებას ყოველთვის ფინანსური რესურსის ქონა არ განაპირობებს, არამედ გარემო სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებენ, რეპუტაცია რომელიც გვაქვს ან ასეთი ან ისეთი, მიდგომები რაზეც თანამშრომლები სამსახურს გარეთ საუბრობენ და კულტურა ან უკულტურობა რომელიც გვაქვს, რომელიც მესამე თვალისთვის მარტივად შესამჩნევია. თანამშრომლებზე კარგად ვერავინ გაუთქვამს დამსაქმებელს სახელს როგორც დადებითად ასევე უარყოფითად, ვერ ერევა თანამშრომლის ხმის ძალას ვერც რეკლამა, ვერც გაპიარებული ღონისძიებები, ვერც პროდუქტის ან სერვისის ხარისხი – თანამშრომელია ის, რომელსაც ჩვენთან ახალი თანამშრომელი მოჰყავს ან სხვების დემოტივატორის როლის მორგებაც შეუძლია.

ვსინჯოთ შევცვალოთ მიდგომები, შევარჩიოთ და შევინარჩუნოთ თანამშრომელი კულტურულად. ამას რამე კონკრეტული დიპლომი, გამოცდილება ან რეგალია არ სჭირდება – ადამიანობა სჭირდება, რომ ადამიანურად დაგვიბრუნდეს ჩვენი გაცემული. გვინდა კარგი თანამშრომელი? გვინდა რომ თანამშრომელი ორგანიზაციის ელჩი იყოს? გვინდა ჩვენ ორგანიზაციას კარგი რეპუტაცია ჰქონდეს? ამ ყველაფერს ძველი მეთოდებით ვეღარ შევძლებთ – ახლებურად ფიქრის და ქცევის დროა.

ტრენინგებზე ხშირად ვაზიარებ ხოლმე, რომ თანამშრომელთან ურთიერთობა ბუმერანგია, თუ სწორად ისვრი უკან მობრუნებისას ხელში დაიჭერ და თუ არასწორად – სახეში მოგხვდება.