რას ნიშნავს იყო ტოპ დამსაქმებელი საქართველოში?
ნებისმიერი კომპანიის წარმატებას, მისი ჯანსაღი კორპორატიული კულტურა განსაზღვრავს. ჯანსაღი და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ სწორედ კორპორატიული კულტურაა ის პირველი კრიტერიუმი, რომლის გამოც ადამიანები ამა თუ იმ კომპანიაში დასაქმების გადაწყვეტილებას იღებენ. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი იქნება, რომელიც სიხარულით დათანხმდება ხანგრძლივი ვადით დასაქმებას იმ კომპანიაში, სადაც დასაქმებულზე არ ზრუნავენ, არ აძლევენ განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას და არ უქმნიან უსაფრთხო და დაცული შრომის პირობებს. ამიტომ, დღეს კომპანიების იმიჯს და იმას თუ რამდენად მოთხოვნადი არიან სამუშაოს მაძიებლებისთვის, სწორედ მათი კორპორატიული კულტურა განსაზღვრავს.
Top Employers Institute არის საერთაშორისო და გლობალური აუდიტორული კომპანია, რომელიც ახდენს კომპანიებში ტალანტების მართვასთან დაკავშირებული საკითხების აუდიტს, მიღებულ შედეგებს ადარებს საერთაშორისო სტანდარტებს, უახლოს და მომავლის ტრენდებს და შედეგებიდან გამომდინარე, კომპანიებს Top Employer-ის სტატუსს ანიჭებს.
ამ ბლოგში მოგიყვებით თუ როგორ ჩაერთო e Team– ი ამ აუდიტის პროცესში და როგორ მოიპოვა Top Employer- ის სტატუსი გლობალურ ტექ ინდუსტრიაში.
ამ პროცესში e Team-ის ჩართულობა ძალიან დაუგეგმავად მოხდა. ევროპაბეთის მფლობელი კომპანია, Bettson Group , 2023 წელს გახდა ტოპ დამსაქმებლის ჯილდოს მფლობელი, რაც, ცხადია, საამაყოა სრულიად ჯგუფისთვის, რადგან მეტწილად ადამიანებთან დაკავშირებული პროცესების პოლიტიკა და მიდგომები ერთი და იგივეა და ჯგუფის მასშტაბით ვიზიარებთ ერთიან ხედვას.
თებერვალში მივლინებით ვიმყოფებოდი HR გუნდის ყოველწლიურ შეკრებაზე მალტაში, სადაც კომპანიის Chief HR Officer-თან, ლენა ნორდინთან ერთად განვიხილავდი, რამდენად საამაყოა კომპანიისთვის ამ ჯილდოს ფლობა და როგორ ვისურვებდი ამის შესაძლებლობა საქართველოს ფილიალისთვისაც მქონოდა. მან მითხრა, რომ 2024 წლის სასერტიფიკატო პროგრამისთვის მომცემდა ამის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის გამოწვევები ისედაც საკმაოდ ბევრი იყო, როცა გუნდში ეს შესაძლებლობა გავაზიარე, ვთქვით, რომ შეგვეძლო ამ გამოწვევის მიღება და გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების!
ჩვენმა კოლეგებმა, მალტის ოფისიდან, თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ აუდიტი, არც თუ ისე მარტივი და საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა ამას არ შევუშინებივართ და აუდიტორულ კომპანიასთან პირველივე კონტაქტისთანავე გადავწყვიტეთ უახლოეს, შესაძლო თარიღში დაგვეწყო აუდიტის პროცესი.
აუდიტირება დავიწყეთ 2023 წლის აპრილში და 2 თვის მანძილზე გაგრძელდა. პირველი თვე 900-პუნქტიანი კითხვარის შევსებას დაეთმო. კითხვარი შედგებოდა 6 ბლოკისგან და ადამიანებთან დაკავშირებულ ყველა პროცესს მოიცავდა, დაწყებული კომპანიის სტრატეგიითა და ლიდერობით, დასრულებული თანამშრომლობის გამოცდილებასთან დაკავშირებული ყველა საფეხურით. კითხვებიდან თითქმის ყოველი მესამე მოითხოვდა მოცემული პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას, რაც საკმაოდ დიდი სამუშაო იყო და HR გუნდის ყველა წევრის პირდაპირ თუ ირიბ ჩართულობას საჭიროებდა. აუდიტის პროცესზე გუნდის შიგნიდან 2 მთავარი პასუხისმგებელი პირი (პროექტის ოუნერი) ვიყავით შერჩეული: HR ანალიტიკოსი, რომლის ფუნქციაც იყო სრული პროცესის ადმინისტრირება და მე, როგორც HR დირექტორს მევალებოდა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება უშუალოდ აუდიტის პროცესში.
მსგავსი აუდიტირების დროს, ყველაზე დიდი გამოწვევაა, იმ პროცესებზე, რომელზეც კომპანია ამბობს რომ აქვს და ახორციელებს, წარადგინო ვალიდური დამადასტურებელი ფაქტები, მოთხოვნილ ფორმატში. რადგანაც შეფასება ხდებოდა აუდიტირების პროცესის დაწყებამდე არსებული 12 თვის პერიოდზე, 2022 წლის აპრილამდე ან 2023 წლის აპრილის შემდგომი ღონისძიებების დამადასტურებელი მოვლენების ფაქტებად წარდგენა არ ჩაითვლებოდა ვალიდურად. მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო უშუალოდ აუდიტირების პერიოდზე.
კითხვარის შევსების საკმაოდ შრომატევადი პროცესი გაგრძელდა უფრო მეტად სტრესული ვალიდაციის პროცესით, რომელიც გულისხმობს შეკითხვების გარკვეულ პროცენტზე დამატებითი მტკიცებულებების მიწოდებას. სტრესული კი ამ ნაწილში არის ის, რომ რაზეც უკვე წარდგენილი გაქვს მტკიცებულება, არ ითვლება საკმარისად და გთხოვენ დამატებით მტკიცებულებებს, რათა ჩაითვალოს ვალიდურად.
და ბოლოს, აუდიტის პროცესი დასრულდა 3-საათიანი ვალიდაციის ინტერვიუთი, რომლის განმავლობაშიც ვისაუბრეთ უშუალოდ პროცესებზე და მოვიყვანეთ კიდევ მეტი მაგალითები, ვალიდაციისთვის შერჩეულ შეკითხვებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, “დავიცავით დიპლომი“ კვლევის ჩატარებიდან დაწყებული, შემაჯამებელი გამოცდით დამთავრებული.
იმისათვის, რომ აუდიტირების პროცესის შემდგომ კომპანიამ მოიპოვოს Top Employer-ის სტატუსი, უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები კი არის კომპანიის შედეგები იმ 6 მიმართულებაში, რომლებიც აუდიტის დროს ფასდება, კომპანიამ უნდა გადალახოს მინიმალური ზღვარი შედეგების თანხვედრით იმ ინდუსტრიის და რეგიონის კომპანიების საუკეთესო შედეგებთან (სტანდარტთან), რომელიც აუდიტირების პროცესში აირჩია. ჩვენ აუდიტის დაწყების წინ გადავწყვიტეთ რომ გვსურდა შევდარებოდით ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების სტანდარტებს, რადგან ჩვენც დიჯითალ სფეროში ვმოღვაწოებთ და რეგიონის ნაწილში არ შევიზღუდეთ თავი ვიწრო სეგმენტით და მოვითხოვეთ გლობალური ტექ. კომპანიების შედეგენთან შედარება.
“ბენჩმარკი” თავიდანვე საკმაოდ მაღალი ავირჩიეთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალური სტანდარტის ზღვარი ცვალებადია ყოველწლიურად, მონაწილე კომპანიების შედეგებიდან გამომდინარე.
2023 წელს Top Employers Institute-ს მიერ 121 ქვეყანა და 2300 ორგანზიაცია შეფასდა! მათ შორის იყო e Team-იც. 2023 წელს საქართველოში სულ 2 კომპანია მონაწილეობდა აუდიტის პროცესში.
ჩვენი შედეგებით, საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, მოვხვდით მსოფლიო კომპანიების 25%-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მაჩვენებლები ყველა კრიტერიუმში იყო 80% ზე ზემოთ.
ყველაზე მაღალი, 98%-იანი შედეგი სამუშაო გარემოსა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვაში მივიღეთ, რაც პირდაპირი მაჩვენებელია იმის, რომ არსებული კორპორატიული კულტურა შესაბამისობაშია მსოფლიო სტანდართან.
მეორე მნიშვნელოვანი შედეგი კომპანიისა და HR სტრატეგიების თანხვედრასა და ლიდერობის განვითარებაში მივიღეთ, 96%-იანი თანხვედრა მსოფლიო სტანდარტთან!
e Team უკვე ბევრი წელია ლოკალურ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც გამორჩეულად სასურველი დამსაქმებელი. ამ სტატუსის მიღწევას პირველ რიგში ვცდილობთ თავისუფალი, უსაფრთხო, სასიამოვნო და თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის შექმნით. ყოველწლიური HR სტრატეგია ეფუძნება არა მხოლოდ ბიზნესის მიზნების მხარდაჭერას, არამედ თანამშრომელთა ჩართულობის კვლევასაც; მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თანამშრომლების უკუკავშირებს კომპანიის შესახებ. ვცდილობთ, არ გავჩერდეთ და ჩვენი პრაქტიკები ყოველწლიურად განვავითაროთ, გავიზარდოთ და ვისწავლოთ ბევრი, HR გუნდის წევრები ვიყოთ საუკეთესო როლური მოდელები იმ ყველაფრისა, რაც გვინდა, რომ კომპანიაში დაინერგოს.
Top Employer-ის სტატუსი, გარდა იმისა, რომ ძალიან საამაყოა, ძალიან საპასუხისმგებლოა და მისი განმტკიცებისა და შენარჩუნებისთვის მეტი შრომაა საჭირო. განსაკუთრებით კომპანიის ლიდერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან პირველ რიგში, მათ უნდა გაამართლონ ის მოლოდინები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი გვაკისრებს. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ ეს სტატუსი კიდევ უფრო გააძლიერებს ახალი ტალანტების მოძიებისა და არსებული თანამშრომლების ჩართულობის ზრდის მაჩვენებლებს.
მთლიანად HR გუნდისთვის, ეს იყო ძალიან საინტერესო თავგადასავალი, რომელმაც ბევრი ახალი ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. იმ გამოწვევების ფონზე, რასაც პროცესში წავაწყდით, უშუალოდ აუდიტის მიმდინარეობის დროსაც შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ გარკვეული საკითხები. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო ასევე, ყველა პროცესზე ისეთი ფაქტობრივი მტკიცებულებების მოძიება, რომელიც Top Employers Institute-ის სტანდარტებში ჩაჯდებოდა. ამ მხრივ, მათი მოთხოვნები იყო საკმაოდ მკაცრი, რომელიც გულისხმობდა ყველა პროცესზე გაწერილი გაიდლაინებისა და საკომუნიკაციო გეგმის ქონას, მიდგომების სტანდარტიზებას და, რაც ყველაზე მთავარია, უტყუარი და სანდო მტკიცებულებების წარდგენას, მათ შორის ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალის სახით, კომპანიაში არსებულ ყველა მიდგომასა და პროექტზე.
მსგავსი ჯილდოს და სტატუსის მოპოვება არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიისთვის არამედ ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტი ადგილობრივი კომპანია ჩაერთვება აუდიტირების პროცესში და გაიაზრებს ტალანტებზე ზრუნვის მნიშვნელოვნებას ორგანიზაციულ წარმატებაში, მით მეტად განვითარდება ჩვენთან შრომის კულტურა და შესაბამისად შეგვეძლება მყარი და მზარდი ეკონომიკის შექმნაც.