როგორი უნდა იყოს პირველი CV

სამსახურის მაძიებელთა უმეტესობისთვის კარგი რეზიუმე არის ის, რაც დგას საოცნებო სამსახურსა და მათ სურვილებს შორის. ბევრი შესაძლოა ვერც იაზრებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული CV სამსახურის ძებნის პროცესში. თუმცა, ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ მის შედგენაში დაგეხმაროთ!

წარმოიდგინე, რომ CV არის პირველი, სადაც პოტენციური დამსაქმებელი პირველად გაიგებს შენს შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილების მოხდება, მაშინაც კი თუ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება. ამ საფეხურების გავლის შემდეგ, შეგიძლია აპლიკაცია დამსაქმებელს დაუფიქრებლად გაუგზავნო. უბრალოდ მიყევი შემდეგ რჩევებს:

აირჩიე დახვეწილი დიზაინის template

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  CV-ის template არ იყოს ზედმეტად ჭრელი, გადავსებული არასაჭირო ფიგურებით და ტექსტი შეუფერხებლად იკითხებოდეს.

ეცადე ყველაფერი ერთ გვერდზე ჩაატიო

გამომდინარე იქედან, რომ რეკრუტერები შერჩევის პროცესში არაერთ CV-ის ნახულობენ, მნიშვნელოვანია შენი გამოცდილება და უნარები ძალიან მოკლედ იყოს გადმოცემული და შეიცავდეს მხოლოდ ყველაზე საჭირო ინფორმაციას, რომელიც მარტივად აღქმადი და წაკითხვადი იქნება. იცოდე, რომ რეკრუტერები CV-ების გადარჩევის პროცესში ძალიან იშვიათად გადადიან მეორე გვერდზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ერთ გვერდზე დაატიო.

არასდროს გაგზავნო ერთი და იგივე CV სხვადასხვა კომპანიაში

CV-ის შედგენისას ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში არსებული ინფორმაცია ერგებოდეს ვაკანსიის ტექსტს, რაც ხაზს გაუსვამს შენს დაკვირვებულობას და რეალურ ინტერესს კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით.

მიყევი ქრონოლოგიას

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები სწორედ ქრონოლოგიას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების და გამოცდილებების მითითების დროს თარიღები ქრონოლოგიურად დალაგდეს. თავდაპირველად აღნიშნეთ თქვენი ახლანდელი სწავლის ან საქმიანობის ადგილი და მიყევით თარიღების მიხედვით უახლესიდან ყველაზე ძველამდე.

გარდა ამისა, დაალაგეთ თქვენი ტექნიკური და ფუნქციური უნარები ცალ-ცალკე, რითაც დამსაქმებელს დაეხმარებით სწორად გამიჯნოს საჭირო უნარები ერთანეთისგან.

დაამატე საკონტაქტო ინფორმაცია

იმის მიუხედავად, დამსაქმებელმა შენი CV მეილით მიიღო თუ არა, აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, როგორიცაა: მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ფოტოსურათი

ფოტოსურათი CV-ში აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა გახსოვდეს, თუ ფოტოს დართვას მაინც გადაწყვეტ, ის მეტად პროფესიული ხასიათის უნდა იყოს და არა სელფი ან წვეულებაზე გადაღებული ფოტო. არასწორად შერჩეული ფოტოს შემთხვევაში, მეტი შანსია, რომ დამსაქმებელმა არ აღგიქვას სერიოზულ კანდიდატად.

არ გაავსო CV ზედმეტი ინფორმაციით

გაითვალსწინე, რომ CV-ში შენი დაბადების თარიღი, ადგილი, სკოლის სახელი და სხვა არაფრისმთქმელი ინფორმაცია არ შეიტანო. ეს ინფორმაცია რეკრუტერების აზრით უბრალოდ უსარგებლოა და არც CV-ის ფორმატს ერგება.

არ მოიტყუო

Ბოლო და ყველაზე მთავარი წესი CV-ის შედგენისას სწორედ სიმართლის დაწერაში მდგომარეობს. დაიმახსოვრე, რომ შენი ტყუილი რეკრუტერმა შესაძლოა მარტივად ამოიცნოს და ამით არამხოლოდ იმ სამსახურში, არამედ ბევრ სხვა ადგილას მუშაობის დაწყების შანსი გაუშვა ხელიდან.

ვფიქრობ, ეს რჩევები დაგეხმარება შეადგინო შენი CV პროფესიონალურად, რომელსაც დამსაქმებლებთან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაგზავნი. ასე, რომ წარმატებებს გისურვებ შენი პირელი რეზიუმეს შედგენის პროცესში!