უნივერსიტეტსა და კოლეჯში სწავლება მხოლოდ სალექციო მასალების ათვისებით არ შემოიფარგლება. ეს ზრდისა და საკუთარი თავის აღმოჩენის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობების აღების საწყისი გამოცდილების დაგროვების პერიოდიცაა.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ? სტატიაში სწორედ იმ ნაბიჯებს გაგაცნობთ, რომლებიც ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე აუცილებლად უნდა გადადგათ, რათა ცხოვრების შემდეგ ეტაპზე უფრო მომზადებულები გადახვიდეთ და მეტად თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი.
პროფესორების გაცნობა
უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლებისას ერთ-ერთი ყველაზე უშუალო შეხება პროფესორებთან გვაქვს. ხშირად, სტუდენტები მათ მხოლოდ რთული სილაბუსისა თუ გამოცდების პრიზმიდან უყურებენ და კომუნიკაციას მარტო კონკრეტული კურსის ფარგლებში ინარჩუნებენ. თუმცა, პროფესორები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც კარიერული გზის გაკაფვაში დახმარება შეუძლიათ – მათ კონკრეტულ სფეროში დიდი გამოცდილება და სასარგებლო კავშირები აქვთ. ასე რომ, პროფესორებისგან როგორც აკადემიურ და პროფესიულ კითხვებზე პასუხის, ასევე რეკომენდაციის მიღებაც შეგვიძლია.
სტაჟირება და მოხალისეობა
უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ძალიან ღირებულია, თუმცა რეალურ გამოცდილებას მაინც არაფერი შეედრება. სწორედ ამიტომ, სწავლების დამთავრებამდე სტაჟირების ან მოხალისეობრივი გამოცდილების მიღება აუცილებელიც კია. ორივე მათგანი თქვენთვის საინტერესო სფეროს ერთგვარი სატესტო ვერსია იქნება. ცოდნის რეალურ პირობებში გამოყენება კი დაგეხმარებათ, დაადგინოთ, რამდენად შეგესაბამებათ კონკრეტული პოზიცია და შესაბამისად, ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ბაკალავრიატის სტუდენტების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ პრეფერენციების გარკვევის პროცესშია.
პროფესიონალური სოცმედია ანგარიშის შექმნა
პროფესიული პლატფორმები, როგორცაა მაგალითად LinkedIn, თქვენს სფეროში კავშირების დამყარებასა და დასაქმებაში დაგეხმარებათ. მთავარია, ისინი სწორად გამოიყენოთ და პროფესიონალური იმიჯი შექმნათ. მაგალითად, აუცილებელია შესაბამისი პროფილის ფოტოს დაყენება. ასევე, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ კონტენტის გაზიარების საკითხს, რადგანაც ზოგიერთი შინაარსის მქონე საჯარო მასალებმა შესაძლოა, დამსაქმებელზე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინოს.
ეფექტური რეზიუმეს შექმნის სწავლა
დასაქმებაში მხოლოდ უნივერსიტეტსა და კოლეჯში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ვერ დაგეხმარებათ – დამსაქმებელთან პირველადი კომუნიკაციისთვის რეზიუმე გჭირდებათ.
კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას საკუთარი შესაძლებლობების მიმზიდველად გადმოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც, თუ ვივარაუდებთ, რომ თქვენს ბევრ თანატოლს კარგი რეზიუმეს წერის უნარი შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს გამომუშავებული, ეს დეტალი მარტივად გამოგარჩევთ მათგან.
ინტერვიუებისთვის მომზადება
პროფესიული ინტერვიუებისთვის წინასწარ მომზადება ყოველთვის წინგადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ამ მიმართულებით ჯერ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ დაგროვებული. შესაძლო სცენარის გათამაშება, სავარაუდო კითხვებზე პასუხების მომზადება და საკუთარი კვალიფიკაციის ეფექტურად გამოხატვის უნარის დახვეწა თავდაჯერებულობას მოგმატებთ და სამომავლოდ პოტენციურ დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.
სამსახურის ძიების დაწყება
რაიმე პოზიციაზე დასაქმებას ხშირად მოსალოდნელზე მეტი დრო სჭირდება. ათობით სამუშაოს აღწერილობის წაკითხვა, მათგან რჩეულების გამოკვეთა, რეზიუმეს მომზადება, აპლიკაციების გაგზავნა, ლოდინი, სატელეფონო გასაუბრება, ინტერვიუ, სამუშაოს შეთავაზება – ეს ის ეტაპებია, რომელთა გავლაც სამსახურის ძიებისას აუცილებლად მოგიწევთ და რომლებიც, შესაძლოა, კვირები გაიწელოს. ამასთან, კონკრეტულ სპეციალობაში ბაკალავრიატის დიპლომის მიღება სასურველი პოზიციის დაკავების გარანტია ნამდვილად ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, ერთნაირი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე რამდენი კურსდამთავრებული აღმოჩნდებით ერთდროულად სამუშაო ბაზარზე. როგორ უნდა მოახერხოთ ამ პირობებში დასაქმება? – ცხადია, ამის უტყუარი ფორმულა არ არსებობს, თუმცა სამსახურის ძიების სწავლების პერიოდშივე დაწყება და კურსდამთავრებულთა დიდი ნაკადის ერთგვარი აცილება თქვენს შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.