“დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი პიროვნული და პროფესიული ფასეულობა არ მოდის სხვების შეფასებების ან მოწონებისგან. განაგრძეთ თვითგანვითარება, იყავით ცნობისმოყვარენი, არ მოგერიდოთ კითხვების დასმა და დაიმახსოვრთ, რომ თითოელ თქვენგანს უდიდესი პოტენციალი გაქვთ გახდეთ საკუთარი თავის “სუპერსტარები”! “- ამ სიტყვებით მივულოცე ჩემს სტუდენტებს ახალი 2024 წელი და მათთან სწავლების მანძილზე მთელი პროცესი ეყრდნობოდა ისეთი ხაზის განვითარებას მათში, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თვითგანვითარებას, ის რომ გასაუბრებაზე მიღებული ,,უარი” ფრუსტრაციას კი არ უნდა იწვევდეს, არამედ უნდა გვაფიქრებდეს რა გავაუმჯობესოთ, რომ ყოველი შემდეგი გასაუბრება მნიშვნელოვნად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა გამოცდილება.
მეც მქონია არაერთი შემთხვევა, როცა რეზიუმე გავაზიარე ჩემი ოცნების პოზიციაზე, რომელზეც მოსახვედრადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ხშირად გადამილახავს პირველი სქრინინგი და ვყოფილვარ არაერთ გასაუბრებაზე. საათებს ვანდომებდი მომზადებას, კომპანიის კვლევას და მათ პოტენციურ კითხვებზე საკუთარ პასუხებს ვამუშვებდი. არაერთხელ წავსულვარ გასაუბრებაზე თვითდარწმუნებული, რომ საბოლოოდ ჩემი დროა, ამ ყველაფერს კი მოჰყოლია თავაზიანი უარის წერილი.
გამანადგურებელია! ვფიქრობდი რომ თვეების შრომა, როგორც ჩანს, ფუჭად იკარგებოდა. სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა ამ დროს და უნდა ვაღიარო საჯაროდ, მაცდურია დაადანაშაულო რეკრუტერი ან კომპანია. მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი საოცნებო სამუშაოს მიღების გასაღები გარე ფაქტორებში კი არა, მხოლოდ საკუთარ თავშია.
ჩვენს რეალობაში კომპანიის „უარყოფის“ უკუკავშირი არ მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ აგირჩიეს. თუმცა, თქვენ თავად შეგიძლიათ დააიდენტიფიციროთ, რამ ჩაიარა კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას. აუცილებლად გაანალიზეთ ინტერვიუს დროს დასმული კითხვები და დეტალურად გაიაზრეთ როგორ უპასუხეთ მას.
აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რომელ პასუხებზე გრძნობდით თავს ყველაზე თავდაჯერებულად? რა კითხვებზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა? ჩამოაყალიბეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების სია. სიძლიერე არის ის, რაც გამოგარჩევთ, ხოლო სისუსტეები აჩვენებენ უნარ-ჩვევებს და ცოდნას.
დღეს, კონკურენტულ სფეროში, საოცნებო სამუშაოს მოპოვებას დრო სჭირდება. ძალიან ცოტა ადამიანი იწყებს მაღალი პოზიციიდან. იმის ნაცვლად, რომ უარის თქმა წარუმატებლობად მიიჩნიოთ, შეხედეთ მას როგორც მამოტივირებელ ფაქტორს, განაგრძეთ სწავლა და განვითარება სისუსტეების გასამყარებლად.
შეადგინეთ სასწავლო გეგმა მომდევნო სამი, ექვსი და თორმეტი თვისთვის. მოძებნეთ შესაძლებლობები, როგორიცაა სტაჟირებები ან მოხალისეობრივი საწყისები, რაც საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ საკუთარი სუსტი მხარეები. წაიკითხეთ სხვადასხვა პროფესიული ლიტერატურა და ბლოგები, მოუსმინეთ სხვადასხვა სპიკერებს სოციალურ სივრცეში გამოცდილების შესაძენად. დაესწარით კონფერენციებსა და სემინარებს თქვენი უნარების გასამრავალფეროვნებლად.
მინდა გაგიზიაროთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება დაგეხმაროთ ამ პროცესში. დავიწყოთ თვითრეფლექსით:
- გაიხსენეთ რომელი მიღწევები გეამაყებათ ყველაზე მეტად? ეს შეიძლება არ უკავშირდებოდეს სამუშაო გამოცდილებას და იყოს უბრალოდ ცხოვრებისეული მომენტები.
- შემდეგ გაიხსენეთ რა გამოწვევები გადალახეთ მთელ ამ პროცესში და როგორ იყენებდით თქვენს უნარებს? ეცადეთ კონკრეტული უნარები გაიხსენოთ.
შემდეგი ეტაპი თქვენს გარშემო არსებული სოციალური წრის დახმარებაა. აქ ვგულისხმობ ოჯახის წევრებს, სანდო მეგობრებს, კოლეგებს ან უბრალოდ მენტორებს. ეცადეთ მათგან მოისმინოთ უკუკავშირი თქვენს უნარებთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლებლობებს ხედავენ ისინი თქვენში და რაში შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს თვითგანვითარებისთვის.
თუ გექნებათ შესაძლებლობა აუცილებად მიმართეთ იმ რეკრუტერებს რომლებთანაც გქონდათ გასაუბრება, ან გასაუბრებები და სთხოვეთ დეტალური უკუკავშირი, რა უნარების განვითარებას საჭიროებთ იმ კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად, რაზეც უარი მიიღეთ.
გააცნობიერეთ, რომ ნებისმიერ პოზიციაზე უარის პასუხი არ არის პირადი შეტევა რეკრუტერის ან კომპანიის მხირდან, არამედ ეს არის თქვენთვის ღირებული უკუკავშირი, რომელიც უნდა აქციოთ შესაძლებლობად.
დაიმახსოვრეთ, რომ საოცნებო სამუშაოზე დაშვება მოითხოვს თავდაუზოგავ ძალისხმევას თვეების ან ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში. შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების მუდმივ განვითარებას. მაგრამ ამ ზრდის გასაღები მხოლოდ თქვენშია და არა შერჩევების მენეჯერებთან.
სულხან სახვაძე, თანადამფუძნებელი & CPO, Helio.AI