სამსახურის ძებნის ერთ-ერთი გარდაუვალი პროცესი გასაუბრებაა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე ეტაპისგანაც კი შეგდებოდეს. გამომდინარე იქედან, რომ არ ვიცით როგორ მოვემზადოთ გასაუბრების დღისთვის და როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება დამსაქმებელზე, მას შფოთვა და ნერვიულობა ახლავს თან.
თუ სამსახურის ძებნის ამ ეტაპზე გადახვედი და არ იცი რას უნდა ელოდო, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან ამ სტატიიდან მიიღებ რჩევებს შენი პირველი გასაუბრებისთვის.
ინტერვიუს დაწყებამდე აიმაღლე თავდაჯერებულობა
ხშირად გვგონია, რომ HR-თან გასაუბრებისას განსაკუთრებული უნარები უნდა გაგვაჩნდეს, თუმცა ეს ასე არაა. HR არ არის ადამიანი, რომელიც თქვენთვის ჩამჭრელი კითხვების დასმას ან დაბნევას შეეცდება. როგორც თქვენთვის, ისე მისთვის ეს გასაუბრება უკეთ გაცნობის საშუალებაა, რათა ორივემ მეტი ინფორმაცია მიიღოთ საჭირო თემებზე.
დამიჯერე, დღის ბოლოს შენს მღელვარებაზე თავად გაგეცინება და მიხვდები, რომ ეს უბრალოდ ორი ადამიანის, გაცნობითი, საუბარი იყო. ამიტომ, აიყვანე თავი ხელში, მობილიზდი ემოციურად და თამამად შეაბიჯე შენს საოცნებო, პირველ გასაუბრებაზე.
PRACTISE MAKES PERFECT
მართალია, თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ გასაუბრებისთვის მომზადება და საკუთარ თავთან რამდენიმე კითხვის დასმაც აუცილებელია.
თუ არ იცი რა კითხვებს უნდა ელოდო გასაუბრებაზე, შეგიძლია შენს მეგობრებს სთხოვო გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება. თუმცა საუკეთესო გზა მაინც ინფორმაციის მოძიება და ზოგადი კითხვების დამუშავებაა, მაგალითად: “მოგვიყევი შენს შესახებ”, “რატომ შეაჩერე გადაწყვეტილება ჩვენს კომპანიაზე”, “რას ელოდები შენი პირველი სამსახურისგან”, ”რას თვლი შენს ძლიერ და სუსტ მხარეებად” და ა.შ. აქვე პატარა ხრიკს გეტყვი, ინფორმაციის მოძიებისა და ჩამოყალიბების შემდეგ, რეპეტიცია სარკესთანაც გაიარე, რადგან ეს დაგანახებს რამდენად თავდაჯერებულად გამოიყურები.
გასაუბრებაზე მისვლამდე აუცილებლად კარგად შეისწავლე კომპანია და მოიძიე მასზე ინფორმაცია. ეს დაგეხმარება მოახდინო შთაბეჭდილება და აჩვენო დამსაქმებელს, რომ შენთვის ამ კომპანიის ღირებულებები მნიშვნელოვანია. აუცილებლად შეისწავლე მათი საიტი და მათი აქტივობები სოციალურ მედიაში. ამასთანავე, შეგიძლია HR-ის შესახებაც მოიძიო გარკვეული საინტერესო ინფორმაცია, რაც დაგეხმარება მასთან საერთო ენის გამონახვაში.
5 ხრიკი, როგორ უნდა მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება დამსაქმებელზე:
- გამოცხადდი გასაუბრებაზე რამდენიმე წუთით ადრე – ამით აჩვენებ დამსაქმებელს, რომ პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი ნამდვილად შენი ძლიერი მხარეა.
- ჩაიცვი სოლიდურად – ჩაცმულობა სწორედ ისაა, რაც ჩვენზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. სოლიდურად ჩაცმა არ ნიშნავს შარვალ-კოსტუმს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდე და ერგებოდე იმ გარემოსა და ინდუსტრიას, სადაც მუშაობის დაწყებას გეგმავ.
- იყავი პოზიტიური – პოზიტიური განწყობა ყოველთვის დადებით აურას ქმნის ოთახში, რაც დამსაქმებელზეც აისახება.
- მიესალმე ყველას თანაბარი ენთუზიაზმით – გასაუბრებაზე მისვლისას არასდროს იცი ვის ესალმები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრზე თანაბრად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვო.
- გამონახე მომენტები საერთო ინტერესებზე საუბრისთვის – საერთო ინტერესების გამონახვისა და გაზიარების დროს დამსაქმებელს ყოველთვის დადებითი ემოციები უჩნდება შენს მიმართ, რაც დაგეხმარება მარტივად დაამახსოვრო მათ თავი.
უპასუხე კითხვებს და მოიყვანე მაგალითები
კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლოა ძალიან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია უპასუხო ყველა კითხვას, რომელსაც დამსაქმებელი დაგისვამს. მნიშვნელოვანია არ პასუხისას არ გამოგრჩეს კითხვის რომელიმე კომპონენტი ან არ აარიდო მათ თავი. თუ შენთვის რომელიმე კითხვა გაუგებრად ჟღერს, სთხოვე დამსაქმებელს კიდევ ერთხელ გაიმეოროს, ეს აჩვენებს, რომ შენთვის მნიშვნელოვანია სწორად ჩაწვდე მის მიერ დასმული კითხვის შინაარსს.
იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა სამუშაო გამოცდილება, მაგალითების მოყვანა შენი ცხოვრების გამოცდილებიდანაც შეგიძლია. შეიძლება კითხვის დასმის დროს გაგახსენდეს შენი გამოცდილება უნივერსიტეტიდან ან სხვა მოხალისეობრივი აქტივობებიდან, როდესაც გამოწვევას იდეალურად გაართვი თავი.
კითხვის დასმის შემდეგ მაგალითის მოყვანა, დამსაქმებელს აჩვენებს, რომ შენთვის თითოეული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია.
სულ ეს არის! ვფიქრობ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ოდნავ უკვე მაინც იცი როგორ მოიქცე გასაუბრებაზე და რა დაგეხმარება დამსაქმებლისთვის დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში. ასე, რომ გისურვებ წარმატებას შენს პირველ გასაუბრებაზე!