რა უნდა იცოდნენ დამსაქმებლებმა Gen Z-ის შესახებ?

 ბოლო წლებში დასაქმების ბაზრის ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა თაობა – Gen Z, რომელიც აქტიურად დგამს პირველ ნაბიჯებს კარიერულ გზაზე.

 ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ეს თაობა საკუთარ კომფორტსა და მენტალურ ჯანმრთელობას სამუშაოზე წინ აყენებს, არის ამბიციური ან სწრაფად იცვლის სამუშაო ადგილებს. თუმცა დამსაქმებლებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ შეფასებების მიღმა მთავარი შეკითხვა დასვან – რას ეძებს Gen Z რეალურად?

 პირადად, როგორც Gen Z-ის წარმომადგენელი და HR სფეროში მომუშავე ადამიანი, ვხედავ, რომ ახალი თაობისთვის სამსახური მხოლოდ შემოსავლის წყარო აღარ არის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი ავლენს საკუთარ პოტენციალს, იზრდება, ვითარდება და იძენს მრავალფეროვან გამოცდილებას.

Gen Z-ისთვის მნიშვნელოვანია:

  • კოლაბორაციული სამუშაო გარემო და თანასწორუფლებიანი ურთიერთობები;
  • შიდა კომუნიკაციის ეთიკა და ემპათიური მენეჯმენტი;
  • მოქნილი სამუშაო პირობები — დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა, თავისუფალი გრაფიკი და ბალანსი პირადსა და პროფესიულ ცხოვრებას შორის.

 ადამიანები, კომუნიკაცია, სხვა ადამიანების მოტივაცია და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ხელშეწყობა ის ინტერესებია, რომლებმაც HR სფერომდე მომიყვანა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში.

 ბავშვობიდანვე ვცდილობდი, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც დამეგროვებინა. დღეს კი IT Academy STEP-ის HR დეპარტამენტში ვმუშაობ – სივრცეში, სადაც არამხოლოდ ვვითარდები პროფესიულად, არამედ აქტიურად ვუზიარებ გუნდს იმ ხედვებსა და ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომებით HR სფეროს ახალ მიმართულებებს მისცემს.

 პრაქტიკა მარწმუნებს, რომ თითოეული კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა – როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

 Gen Z-თან ურთიერთობაში ავტორიტარული ან დისტანცირებული მიდგომა არაეფექტურია. ახალი თაობა მოითხოვს თანასწორობას, ჩართულობასა და პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილებას – გარემოს, სადაც ყველაფერი გასაგებად და მიზანმიმართულად არის ფორმულირებული.

როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ჩნდება ნდობა. ნდობას კი მოჰყვება პასუხისმგებლობა, მოტივაცია და ერთგულება.

 თუ ორგანიზაციები სწორად აღიქვამენ ამ ცვლილებებს, მათ შეუძლიათ შექმნან სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომელთა საჭიროებები და ღირებულებები რეალურად არის გათვალისწინებული, რაც გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

 ჩვენ, ახალი თაობის HR სპეციალისტები, ვხედავთ, რომ დღეს სამუშაო სივრცე ბევრად მეტია, ვიდრე ადგილი, სადაც მხოლოდ ორგანიზაციის მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ვხედავთ, რისი მოლოდინი აქვთ ადამიანებს ორგანიზაციებისგან, მათი ზრდის, განვითარებისა და წარმატების სურვილს, ამიტომ ვქმნით ჯანსაღი ურთიერთობებით, ტექნოლოგიებითა და ემპათიით გაჯერებულ გარემოს, რომელიც, დასაქმებულთა კმაყოფილებასთან ერთად, აძლიერებს მოტივაციას და  ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებას უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

 დღეს უკვე მხოლოდ ორგანიზაციები აღარ ირჩევენ თანამშრომლებს, თანამშრომლებიც ირჩევენ ორგანიზაციებს.